გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნებართვა გასცა.
„სააგენტოში შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ წარმოდგენილ იქნა კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც, შპს „ტერმინალ 1“ დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნიდა ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1"; ასევე, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს ,,ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას.
წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის საექსპერტო კომისიის დასკვნების შეჯერებისა და არსებული დოკუმენტაციის შეფასების შედეგად, ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელშიც აისახა საზოგადოებისგან წარმოდგენილი არგუმენტირებული შენიშვნები/მოსაზრებები,“ - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, „ტერმინალი1“ ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კი, ამ ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს წყალში მიწის მოწყობის სამუშაოები, რის დასრულებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 5 ჰექტარამდე მიწის ფართობი. მასზე ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების მშენებლობას, გენერალური გეგმის მიხედვით, კიდევ დამატებითი დრო დასჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტზე „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება 2021 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა.