„საქართველოში რომ ფასებია, ისეთი იაფი არსად არ არის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ ავტომობილების შეკეთების ღირებულებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ავტომობილების რემონტის ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება მოთხოვნას, ხუნდაძის თქმით, მანქანების შეკეთებაზე მოთხოვნა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„საქართველოში რომ ფასებია, ისეთი იაფი არსად არ არის. ხელით შრომას ძალიან მცირე ფასი აქვს საქართველოში. ვერ გააძვირებ მომსახურებას ძალიანაც რომ გინდოდეს, რადგან უზარმაზარი კონკურენციაა. შეკეთებაზე იგივე ფასებია, რაც იყო ყოველთვის. მოთხოვნა ჩვეულებრივად სტაბილურია, ისეთივეა როგორიც ადრე იყო,“ - განაცხადა ბაკურ ხუნდაძემ.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ავტომობილების შეკეთება 2.02%-ით, ხოლო ზეთისა და ფილტრების შეცვლა 0.5%-ით გაიაფდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში გაძვირებულია მანქანების რეცხვა 2.36%-ით.
რაც შეეხება წლიურად ფასის ცვლილებას, მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ავტომობილების შეკეთება 9.83%-ით გაძვირდა. ამასთან, ამავე პერიოდში ზეთისა და ფილტრის შეცვლა 2.83%-ით, ხოლო ავტომობილების გარეცხვის ფასი 2.36%-ით არის გაზრდილი.