საქართველოში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 218 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. საქსტატის ცნობით, მომსახურება ჯამში 387 მომხმარებელს გაეწია.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში სამაცივრეებში შენახული იყო 92.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 42.1% - ქათმის ხორცი, 9.2% - ხილი და ბოსტნეული, 20% - ხორცი და ხორცპროდუქტები, 13% - თევზეული, 10.6% - რძის პროდუქტები და 5.1% სხვა პროდუქტები.
ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მლნ ლარი შეადგინა. 2024 წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 134.4 მლნ ლარის ღირებულების (22.6 ათასი ტონა) პროდუქცია.
„აქედან ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 24.4%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 24.8%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა ადგილობრივმა პროდუქციამ - 50.8%“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 6.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ღირებულების 5% იყო. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა აპრილში შეადგენდა 49%-ს, მაისში - 56.5-ს, ხოლო ივნისში - 47.1%-ს.