„თბილისში გაზრდილია ტენდენცია, რომ მათი უმეტესობა, ვისაც შესაბამისი შემოსავალი აქვს, საცხოვრებლად გადავიდეს ქალაქგარეთ, საცობებიდან და ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ პროცესში თავისი როლი ითამაშა პანდემიამაც. ამიტომ ბოლო წლებში საკარმიდამო-სააგარაკე მიწებზე მოთხოვნა გაზრდილია. ამ მხრივ ყველაზე დიდი მოთხოვნაა თბილისთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე, საგურამოში, ბულაჩაურში, მცხეთაში. ფასებიც, შესაბამისად, მომატებულია“,- უძრავი ქონების კომპანია realtor.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა ანა თაკვარმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნა სამშენებლო მიწებზეა, რომელიც ქალაქში ფაქტობრივად აღარ დარჩა. საინვესტიციო მიწების შეძენის მსურველებს შორის უცხოელებიც არიან. ყველაზე მეტ ასეთ მიწას საქართველოში რუსები, ებრაელები და თურქები ყიდულობენ.
„რაც შეეხება თბილისს, აქ მოთხოვნა მაღალი რჩება საინვესტიციო მიწებზე, რომლის შეძენითაც მშენებლობის დაწყების მსურველები არიან დაინტერესებული. მოცემულობა არის ის, რომ ასეთი მიწები თბილისის მასშტაბით, თითქმის აღარაა დარჩენილი. არაერთი უცხოელი ინვესტორი გვყავს, რომელთაც საცხოვრებელი კორპუსების აშენების მიზნით სურთ მიწის შეძენა.
თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ბათუმში და მის შემოგარენში, როგორიც არის კაპროვანი და შეკვეთილი. ამ ტერიტორიებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ბათუმშიც უკვე გართულებულია საკარმიდამო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პოვნა.
10 ინვესტორიდან 3 არის უცხოელი, რომელსაც სურს მიწის ყიდვა. სამწუხაროდ, მოთხოვნის კუთხით, პირველ ადგილზე რუსები არიან. არიან ებრაელებიც, თუმცა ომიდან გამომდინარე გადმორიცხვებზე გარკვეული შეფერხებები აქვთ. ასევე თურქების მხრიდან არის მოთხოვნა ბათუმსა და მის მახლობლად ტერიტორიებზე“, - აღნიშნა ანა თაკვარმა.
როგორც მან განმარტა, საკარმიდამო მიწებზე ფაქტობრივად არ არის მოთხოვნა სხვა ქალაქებში, მაგალითად ქუთაისში. რეგიონებში კი მიწების უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, რომელთა ყიდვა უცხოელებს კანონით ეკრძალებათ.
ფასების მხრივ კი გრძელვადიანად მკვეთრი ზრდის შემდეგ, წელს სტაბილიზაცია შეინიშნება.
„სხვა რეგიონების შემთხვევაში, მოთხოვნა ფაქტობრივად, არ არის. გვქონდა მცდელობა, რომ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში, გვყოლოდა წარმომადგენლები, მაგრამ რეგიონებში მოთხოვნა არ არის. იქ მიწების ძირითადი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და უცხოელებს კანონით შეზღუდული აქვთ მათი შეძენა.
რაც შეეხება ფასებს, მკვეთრი მატება, +30-40% იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ახლა ფასები ნელ-ნელა სტაბილურდება“,- განაცხადა ანა თაკვარმა.