საპენსიო სააგენტოში საქართველოს მოსახლეობის 41.7% ზოგავს თანხას. კერძოდ, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.539 მილიონი ადამიანია.
ამასთან, მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში საპენსიო აქტივების ღირებულება 5.3 მლრდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ საპენსიო სისტემაში ერთი მონაწილის დანაზოგი საშუალოდ 3 443 ლარს შეადგენს. (შენიშვნა: ცალკეული მონაწილის საპენსიო დანაზოგი მისი ანაზღაურებიდან გამომდინარე შესაძლოა, უფრო მეტი ან ნაკლები იყოს).
„2024 ივლისში თითქმის 1 წელი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 12.6% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 11.5% და 9.9% იყო. ივლისის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 52%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო,“- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.