მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების გამო მთელ მსოფლიოში ტყის ხანძრები უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება, ვიდრე აქამდე ყოფილა.
2023-24 წლების სეზონში ტყის ხანძრების შედეგად ნახშირბადის გლობალური გამონაბოლქვი ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე 16%-ით მეტია.
საკითხს სწავლობდა მეცნიერთა ჯგუფი აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტიდან, გაერთიანებული სამეფოს ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ცენტრიდან, დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურისა და საშუალო დიაპაზონის ამინდის პროგნოზის ევროპული ცენტრიდან. შედეგები სამეცნიერო ჟურნალში Earth System Science Data-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს მონაცემები მასშტაბური ხანძრების შესახებ, რომლებიც 2023 წლის მარტიდან 2024 წლის თებერვლამდე დაფიქსირდა. განმარტეს მათი წარმოშობის მიზეზები და იმსჯელეს იმაზე, შეიძლებოდა თუ არა მათი თავიდან აცილება მომავალში კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარით.
ამრიგად, მეცნიერთა აზრით, 2023-2024 წლების სეზონზე მთელ მსოფლიოში დაიწვა რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი ტყის ფართობი.
გლობალური ნახშირბადის გამონაბოლქვი ამ ხანძრებიდან 16%-ით მეტია ისტოიურლ საშუალო მაჩვენებელზე.
ყველაზე დიდ სტიქიურ კატასტროფებს შორის, გამორჩეულად საგანგაშო იყო რეკორდული ხანძრები კანადაში, საბერძნეთში, გვალვის შედეგად გამოწვეული ხანძრები დასავლეთ ამაზონში და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე ჰავაიში და ჩილეში. მათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და გარემოზე - ეს ყოველივე კი კლიმატის ცვლილებამ განაპირობა.
გასულ თვეში გლობალური ტემპერატურა ნორმაზე 1,7 გრადუსით მეტი იყო, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ის მიღებულ იქნა 2015 წელს და მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად შეამციროს სათბურის გაზების ემისიები და შეზღუდოს გლობალური ტემპერატურის ზრდა ამ საუკუნეში. ქვეყნები, რომლებიც ხელს აწერენ შეთანხმებას, იღებენ ვალდებულებას, შეინარჩუნონ გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2°C-მდე და იმუშაონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ტემპერატურის ზრდა მხოლოდ 1,5°C ფარგლებში.
წყარო: forbes