ბაზარზე არსებული საბურავების რაოდენობა მოთხოვნას აჭარბებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ფასები მცირედით მომატებულია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, ბაზარზე საბურავების თვითღირებულება უცვლელია, თუმცა გაიზარდა ტრანსპორტირების ხარჯები, რამაც თავისთავად გამოიწვია ფასების ზრდა. „ავტობანის“ დამფუძნებლის განმარტებით, საბურავების გაძვირება ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე ომის გამო ტრანსპორტირების გართულებამ და კონტეინერების დეფიციტმა გამოიწვია.
„მოთხოვნას აჭარბებს საქონლის რაოდენობა ბაზარზე, ძალიან დიდი კონკურენციაა. ფასები ევროპული მომწოდებლებისგან ისედაც ძვირია და შესაძლოა, რომ მოხდა გაძვირება. ჩინური მომწოდებლებისგან არ გაძვირებულა საბურავი, თუმცა იცვლება ტრანსპორტირების ხარჯები დინამიკაში. ახლა მაგალითად, ისევ დეფიციტი გაჩნდა კონტეინერების და ისევ გაძვირდა. ისრაელის კონფლიქტის გამო, შემოვლითი გზით მოდიან აფრიკიდან კონტეინერები და ამანაც გააძვირა. ეს ბუნებრივი პროცესია. საბურავები დაახლოებით, გაძვირებულია 5-10%-ით, ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის საბურავია და ტრანსპორტირების ფასნამატი რამდენი იყო“, - განაცხადა ბაკურ ხუნდაძემ.
საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოში საბურავების ფასი ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 0.9%-ით გაძვირდა. რაც შეეხება ფასის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ივლისთან შედარებით, 5.79%-ით შემცირდა.
ამასთანავე, ქვეყანაში ახალი საბურავების იმპორტი 12%-ით გაიზარდა. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იმპორტირებულია 36.548 მლნ დოლარის საბურავები, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში კი 40.929 მლნ დოლარის ღირებულების. ქვეყანაში საბურავები ძირითადად ჩინეთიდან შემოდის. ჩინურ საბურავებს პროდუქციის იმპორტში 45% უკავია.
იხილეთ ასევე: საბურავების 45% ჩინეთიდან შემოდის - რამდენს და სად ვყიდულობთ