წელს აგროტურისტული ობიექტი „ხახაბო“ 1.8 ტონა ყველის რეალიზაციას ელოდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აგროტურისტული ობიექტის, „ხახაბოს“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ნინო ბარნაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ბარნაბიშვილი აღნიშნავს, ხახაბოში ჩასულ დამსვენებლებს სოფლის ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდებიან. ადგილზევე ამზადებენ რძეს, ერბოს, ნაღებს, დოსა და მაწონს.
„აგროტურისტული ობიექტი გვაქვს, ვცდილობთ, ამ მიმართულებით განვვითარდეთ. მცირე ფერმა გვაქვს და ვაწარმოებთ ადგილზე რძის პროდუქტებს და დამსვენებელს ვთავაზობთ ნატურალურ სოფლის პროდუქტს: იქნება ეს კარაქი, ერბო, მაწონი, ყველი, დო, ნაღები, ხორციც ადგილობრივია.
რაც შეეხება რეალიზაციას, სოფლიდან ჩაგვაქვს გასაყიდად ტრადიციული მეთოდით დამზადებული, თანამედროვე გუდაში დავარგებული ძროხის რძის ყველი. როცა დავიწყეთ წარმოება, მაშინვე დიდი დაინტერესება გამოიწვია და დღემდე ასეა. წინა წლებში დაახლოებით 1.5 ტონა ყველის რეალიზაციას ვახდენდით. წელს კიდევ უფრო გაიზრდება და ალბათ, 1.8 ტონაზე ავალთ. ფასი ამ ეტაპზე არის 20 ლარი“, - განაცხადა ნინო ბარნაბიშვილმა.
ცნობისთვის, აგროტურისტულ ობიექტ „ხახაბოში“ განთავსების ღირებულება ერთი ადამიანისთვის 45 ლარს შეადგენს, სამჯერადი კვებით კი ფასი 105 ლარს უტოლდება. დამსვენებლებს სურვილის შემთხვევაში, ადგილზე საცხენოსნო ტურების მოწყობაც შეუძლიათ. ორდღიანი ან ხანგრძლივი ტურები ორგანიზდება როგორც სოფლის შემოგარენში, ასევე ხევსურეთისა და თუშეთის სოფლებში.