2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 525.1 ათასი მგზავრი (როგორც საერთაშორისოდ, ისე ადგილობრივად), რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით შემცირებას აჩვენებს.
საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 160.7 მლნ მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 9.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 521.6 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.3%-ს შეადგენს და 6.9%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.5 ათასი მგზავრი, რაც 60%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
„საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61.8% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 38.2% (2024 წლის II კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა)“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.