საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა რიცხოვნობა წლიურად გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა.
„2024 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 2.8 პროცენტული პუნქტით და 47% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9%-ს და 45.8%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია საქსტატის კვლევაში.