2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის მოცულობა 355%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში საჰაერო ტრანსპორტით 10.3 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 46.9 ათასი ტონა ტვირთი.
ამასთანავე, გაიზარდა საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობაც. კერძოდ, ზრდამ გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით 43% შეადგინა. მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადების მოცულობამ 6.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 82% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 18% - გაგზავნილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 500 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც წლიურად 2.4-ჯერ ზრდაზე მიანიშნებს.