2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 52%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის შვიდ თვეში ქვეყანაში 29.193 მლნ დოლარის 1 023 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობამ 44.466 მლნ დოლარი, 2 293 ერთეული შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ელექტრომობილებიდან 50% აშშ-ზე მოდის. კერძოდ, წელს აშშ-დან 1 145 ერთეული ელექტრომანქანა შემოვიდა, ჯამში 19.069 მლნ დოლარის ღირებულების, ერთი ერთეულის საშუალო ფასმა კი 16 650 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ჩინეთი - 491 ერთეული, 13.208 მლნ დოლარის ღირებულების, ერთეულის საშუალო ფასი 26 900 დოლარია.
82 ელექტრომობილი, 5.204 მლნ დოლარის ღირებულების შემოვიდა გერმანიიდან, ერთეულის საშუალო ფასმა 63 400 დოლარი შეადგინა. ხუთეულში შედიან იაპონია და ბელგია. იაპონიიდან შემოვიდა 464 ელექტრომობილი, 3.061 მლნ დოლარის ღირებულების, ერთი ერთეულის საშუალო ფასი 6 600 დოლარს შეადგენს, ბელგიიდან იმპორტირებული ერთი ელექტრომობილის საშუალო ფასი 44 800 დოლარია, წელს შვიდ თვეში ევროპის აღნიშნული ქვეყნიდან 1.209 მლნ დოლარის ღირებულების 27 ელექტრომობილი შემოვიდა.