საავტომობილო გზების დეპარტამენტს თუშეთში საავტომობილო გზაზე მოძრაობის გაუმჯობესებისთვის 2 ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ჯამური ღირებულება 30.2 მლნ ლარს შეადგენდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, ფშაველი - აბანო - ომალოს გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი II-ის (კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთი) ტენდერი არ შედგა, რადგან სამუშაოების შესრულების სურვილი არცერთ პრეტენდენტს არ გამოუხატავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 940 426 ლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფო შესყიდვას კვლავ გამოაცხადებენ.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, რომელიც მესამე ლოტის განსახორციელებლად იყო გამოცხადებული, წინადადებების მიღება 16 აგვისტოს დასრულდა. საუბარია ფშაველი-აბანო-ომალოს 25.5 - 35.9 კმ. გზის მონაკვეთზე. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, „შარა-გზამშენი პირველმა“ მიიღო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 300 334 ლარი იყო და სამუშაოების შესრულებისთვის პრეტენდენტმაც აღნიშნული თანხა დაასახელა.
შეგახსენებთ, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. უკვე გაფორმებულია 6 ხელშეკრულება, რაც გზის 50 კმ-მდე მონაკვეთის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოებს მოიცავს და მისი ღირებულება, ჯამში 51.6 მლნ ლარია.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პირველი 22.5 კმ. იქნება ასფალტის საფარში მოქცეული. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება.
ცნობისთვის, თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება. თუშეთის გზა, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. ეს გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.