2024 წელს, 200 ქართველი სტუდენტი რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლის - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილება ავრცელებს.
„წელს, 200 სტუდენტზე მეტი სასწავლებლად რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში გაემგზავრება. რადგან სწავლის დაწყებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი, დროა ვიზების გაფორმებაზე იზრუნოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მომავალი სტუდენტების უმეტესობას უკვე მიღებული აქვს ტელექსები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ან მოწვევები შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტებას კი ისინი თბილისში, რუსეთის სავიზო ცენტრში ურჩევენ.
ამასთან, რუსეთის ინტერესების განყოფილებამ გამოაცხადა, რომ „რუსეთში უფასო განათლების მისაღებად სტუდენტების შემდეგი შერჩევა სექტემბერში დაიწყება“.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად რეგისტრაციის ვადა ზედიზედ სამჯერ გახანგრძლივდა.
კერძოდ, თავიდან განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2023 წლის 1-ლი ნოემბერი სახელდებოდა, რაც 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. თუმცა 15 დეკემბრის შემდეგ რეგისტრაციის ვადა ჯერ გასული წლის ბოლომდე, ამჯერად კი მიმდინარე წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა.