მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 52%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის შვიდ თვეში ქვეყანაში 29.1 მლნ დოლარის 1 023 ერთეული, ხოლო წელს იმავე პერიოდში კი 44.4 მლნ დოლარის 2 293 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა.
ელექტრომობილების უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ჩინეთი, საიდანაც 491 ერთეული 13.2 მლნ დოლარის ღირებულების ელექტრომობილი შემოვიდა. პირველ ადგილზე კი ამერიკაა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის შემოაქვს საქართველოში ჩინეთიდან ელექტრომობილები. საქსტატის მიერ მოწოდებული კომპანიებისა და სამეწარმეო რეესტრში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გთავაზობთ, ვინ შემოიყვანა საქართველოში იანვარ-ივლისში ჩინეთიდან ელექტრომობილები:
- შპს „ტოპევს“ - სამეწარმეო რეესტრში 2023 წელს არის რეგისტრირებული. მის დირექტორად და 100%-იანი წილის მფლობელად ჩინეთის მოქალაქე ვანგ შუ ფიქსირდება.
- შპს „ეკო მოტორს ჯგუფი“ - სამეწარმეო რეესტრში 2023 წელს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი ბექა დვალიშვილია. აღსანიშნავია ისიც, რომ წილებს 4 პირი განკარგავს, მათ შორის, ერთი ქართველი და 3 ჩინეთის მოქალაქე. კერძოდ, წილები ასე გადანაწილდა: გიორგი გუგეშაშვილი - 30%, ლინ ვანგ - 30%, დაი ქონგფანგ - 20% და ზჰოუ ჯიან - 20%.
- შპს „კავკასუს ავტომოტივი“ - 2018 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი რუსუდან გრძელიძეა, ხოლო წილებს სრულად შპს „თეგეტა მოტორსი“ ფლობს.
- შპს „სკანდინავიან ავტო თეგეტა“ – რეესტრში 2019 წელს არის რეგისტრირებული, დირექტორი მაყვალა სახვაძეა. წილების 100%-ს შპს „თეგეტა მოტორსი“ განკარგავს.
- შპს „ავტო გალერი“ - 2017 წელს დარეგისტრირდა. წილებს სრულად შპს „თეგეტა მოტორსი“ ფლობს. კომპანიის დირექტორად ნოდარ ჭირაქაძე ფიქსირდება.
- შპს „იმერი“ - რეესტრში 2016 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ზაურ ფესვიანიძეა, ხოლო წილების 100%-ს ნუგზარი ჩინჩალაძე განკარგავს.
- შპს „გრინ აუტო მოტორს“ - 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორი ზურაბ ელიავაა, რომელსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს (საქართველო, რუსეთი). წილებს ორი პირი განკარგავს: ზვიადი ნარმანია 80% (ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთი) და ნოდარ მიბჩუანი - 20%.
- შპს „ევოტეკ ჯორჯია“ - კომპანია გასულ წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი გიორგი ბაჩალიაშვილია, რომელსაც ორმაგი, საქართველოსა და აზერბაიჯანის, მოქალაქეობა აქვს.
- შპს „ვოლტ ენერჯი“ - გასულ წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორია ირინე დარჩია. ამ შემთხვევაში წილებს სრულად საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე მორდეხაი მიხაელი ფლობს.
- შპს „სოლარ ავტო“ - აღნიშნული კომპანიაც გასულ წელს დარეგისტრირდა. დირექტორად ტატო მიროტაძეა წარმოდგენილი. კომპანიის წილების 100%-ს შპს „კონცეპტ დეველოპმენტი“ ფლობს. თავის მხრივ „კონცეპტ დეველოპმენტი“ სამეწარმეო რეესტრში 2020 წელს არის დარეგისტრირებული, მისი დირექტორი და წილების მფლობელი ზემოთ აღნიშნული ტატო მიროტაძეა.
შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.