„წელს ყველაზე პოპულარულია ზემო აჭარა - რაჭამ შოვის ტრაგედიის შემდეგ ლიდერობა დაკარგა“

„შიდა ტურებში წელს ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ზემო აჭარა და გომის მთა“,- ამის შესახებ ტურისტული კომპანია „ჯეო მეგზურის“ ხელმძღვანელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობაზე მოთხოვნა გზების გაკეთებამ განაპირობა.

„ზემო აჭარის აქტუალობას ხელი შეუწყო იქ ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში, გზების მშენებლობამ. რადგან ზაფხულია, შესაბამისად, მოთხოვნაც გაჩნდა და აქტიურად გრძელდება ზემო აჭარის ტურები. ზამთარში იქ მკაცრი კლიმატიდან გამომდინარე, ასეთი ტურები არ იგეგმება ხოლმე.

გომის მთას რაც შეეხება, აქ ორდღიანი ტურები გაქვს და ეს მიმართულებაც ძალიან მოთხოვნადი იყო წელს. ორი დღე სრულიად საკმარისია იქ, რადგან ძირითადი სანახაობა არის ღრუბლებით სავსე ხედი, რომელიც მთიდან იშლება“,- აღნიშნა ტუროპერატორმა.

მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე ყველაზე პოპულარული მიმართულებების 5-ეულში ტრადიციულად ხევსურეთი, სვანეთი და თუშეთია.

„პოპულარობით შემდეგ უკვე მოდის ხევსურეთი, რომელიც ყოველ წელს ძალიან მოთხოვნადია, ხუთეულს კი ავსებენ სვანეთი და თუშეთი. ამ მიმართულებებზე ყოველთვის ბევრი ხალხია.

გასულ წლის ფავორიტი მიმართულება იყო ჯუთა, მაგრამ წელს იქ გზა დაზიანებულია და ნაკლებად დგება ტურები. ასევე დასანანია, მაგრამ ლიდერობა დაკარგა რაჭამ, შოვის ტრაგედიის შემდეგ. ადამიანები უკვე ნაკლებად ინტერესდებიან რაჭაში მოგზაურობით. მთავარი სანახაობა იქ მაინც შოვის კურორტი იყო და ის აღარ არსებობს. ფსიქოლოგიური განწყობაც მძიმეა, ტრაგედიის ადგილზე ჩასვლა არავისთვისაა სასურველი“,- განმარტა ლევან ენუქიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტურისტული ლოკაციების მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურის არარსებობაა. პოტენციალი კი საკმაოდ დიდია.

„ბოლო წლებში, რაც გზები გაკეთდა, ნელ-ნელა ყველა რეგიონს ვითვისებთ, თუმცა მხოლოდ გზა საკმარისი არაა. აუცილებელია სხვა ინფრასტრუქტურა, მაგალითად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სველი წერტილები. ტურისტული ლოკაციების 90%-ზე ეს პრობლემაა. არ არის კემპინგისთვის საჭირო პირობები.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის პირობებში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ვაშლოვანის ნაკრძალს, სადაც უდაბნოა ფაქტობრივად და კოლხეთის ეროვნულ პარკს, სადაც ისეთი ბუნებაა, როგორიც ამაზონის ჯუნგლებში. პრობლემა არის ისიც, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ნაკლებად აქვთ მოგზაურობის მსურველებს. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში ეს მიმართულებებიც საკმაოდ ათვისებული იქნება“,- განაცხადა ლევან ენუქიძემ.

ნათია ზარიძე