საირმის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რომელსაც ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტები დასასვენებლად ირჩევენ. კურორტი მდიდარია ოთხი სასმელი და ერთი თერმული წყლით.
„ბიზნესპრესნიუსი“ პერიოდულად გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოს საკურორტო ადგილებში. ამჯერად სწორედ საირმით დავინტერესდით და „კურორტ საირმის“ შემოსავლების მენეჯერ ირაკლი ჭიღლაძეს ვესაუბრეთ.
ჭიღლაძის თქმით, ბოლო წლებში საირმის მიმართ მოთხოვნა სტაბილურად მაღალი რჩება. მანვე აღნიშნა, რომ „კურორტი საირმე“ ამჟამად 95%-ით არის დატვირთული და მიმდინარე თვესაც ამავე მაჩვენებლით დახურავს.
„კურორტი, უნიკალური რესურსისა და ცნობადობიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე წელი მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა ამ მხრივ, 2024 წლის სეზონიც არ არის გამონაკლისი და სასტუმროს დატვირთულობა 95%-ს სცდება.
დაახლოებით 95% -იანი დატვირთულობით დავხურავთ თვეს. მათთვის, ვისაც საირმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სჭირდება და ექიმის შესაბამის რეკომენდაციას წარმოადგენს, შემდეგი თვეებიდან 20% იანი ფასდაკლებით ვუმასპინძლებთ.
ამ ეტაპზე სექტემბრის დატვირთულობა დაახლოებით 70%-ია, ხოლო დარჩენილი თვეები 30-40% ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, თვის ჭრილში ჯავშნები კიდევ დაემატება და ვფიქრობთ, რომ წარმატებული წელი იქნება კურორტისთვის“, - აღნიშნავს „კურორტ საირმის“ შემოსავლების მენეჯერი.
ჭიღლაძის თქმით, კურორტზე დამსვენებლების უმეტესობა ქართველია. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელთა 61% ადგილობრივებზე მოდის. რაც შეეხება უცხოელ დამსვენებლებს, კურორტზე პროცენტულად ყველაზე ბევრი ყაზახი ტურისტია.
„2024 წელს ადგილობრივი დამსვენებლებზე გავაკეთეთ მაქსიმალური კონცენტრირება. დღეის მონაცემით, ქართველი დამსვენებლის წილი 61%-ია კურორტზე.
საერთაშორისო ბაზრებიდან შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ყაზახეთს, ბალტიის ქვეყნებს, საუდის არაბეთს, უზბეკეთს. ამავე ქვეყნებიდან სტუმრების ნაკადი დაბალ სეზონსაც გადაჰყვება.
ორიენტირებულები ვართ, რომ დატვირთულობა მაქსიმალურად განაწილებული იყოს სხვადასხვა ქვეყნებზე და დარწმუნებული ვარ, 2025 წელს მჯავშნელი ქვეყნების სია უფრო მრავალფეროვანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ.