რომელი აპლიკაციები უნდა წავშალოთ აუცილებლად მოგზაურობის შემდეგ

შვებულებაში მყოფი ტურისტები ხშირად ხდებიან კრიმინალების მსხვერპლნი - უბრალო ჯიბის ქურდებით დაწყებული, კიბერკრიმინალებით დამთავრებული.

ამ უკანასკნელის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, ტექნიკური ექსპერტი სემ კროუფორდი byCrawford-დან მოგზაურებს ურჩევს შვებულებიდან სახლში მისვლისთანავე წაშალონ გარკვეული აპლიკაციები სმარტფონებიდან.

„როდესაც დაბრუნდებით თქვენი მოგზაურობიდან, კარგი იდეაა, რომ გაასუფთავოთ თქვენი ციფრული სივრცე... რაც უფრო ნაკლები აპი გაქვთ, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ჰაკერმა თქვენი პირადი ინფორმაცია ან გადახდის დეტალები მოიპაროს ”, - აღნიშნავს კროუფორდი.

კერძოდ, გვირჩევს წაშალოთ ყველაფერი, რაც არ გვჭირდება შვებულების დასრულების შემდეგ. ეს ეხება ნებისმიერ აპს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მოგზაურობისთვის - ადგილობრივი ტაქსის სერვისები, ველოსიპედის გაქირავების აპები ან ნებისმიერი სხვა რამ, რომელსაც თქვენი მდებარეობის მონაცემებზე წვდომა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება უვნებელი ჩანდეს, ექსპერტი თვლის, რომ მათ შეიძლება ჰქონდეს გარკვეული რისკები: ზოგიერთ შემთხვევაში, აპლიკაციის თვალთვალის ფუნქცია საშუალებას აძლევს კომპანიებს გამოიყენონ ან გაყიდონ თქვენი მონაცემები მიზანმიმართული რეკლამისთვის.

გარდა ამისა, თუ აპლიკაციას არ აქვს უსაფრთხოების მკაცრი ზომები, ის შეიძლება დაუცველი იყოს კიბერშეტევის მიმართ. უარეს შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ბარათის დეტალების და პერსონალური მონაცემების გაჟონვა.

ამავდროულად, ექსპერტი ტურისტებს ურჩევს, შვებულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო ყურადღებით დააკვირდნენ საბანკო ბარათებიდან თანხის დებეტს.

„მომდევნო კვირების განმავლობაში, თვალი ადევნეთ თქვენი საკრედიტო ბარათის ამონაწერებს და ნებისმიერ უჩვეულო აქტივობას თქვენს ბარათთან ან ვინაობასთან დაკავშირებით. შეიძლება დაგჭირდეთ პაროლების შეცვლაც", - განმარტა კროუფორდმა.

ნათია ზარიძე