არის თუ არა ნორმის ფარგლებში შავი ზღვის წყლის ხარისხი - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

მათი ინფორმაციით, სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად ახორციელებს. 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შავი ზღვიდან აღებული სინჯების კვლევა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პარამეტრების ანალიზის მეთოდების დანერგვის სამუშაოები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.