თალიბანმა ავღანელ ქალებს საზოგადოებაში ლაპარაკი და სახის დაუფარავად გამოჩენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს საზოგადოებაში ლაპარაკი და სახის დაუფარავად გამოჩენა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press შესაბამისი კანონის განხილვის შემდეგ იუწყება.

კანონი ოთხშაბათს, 21 აგვისტოს, ავღანეთის სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ გამოსცა. ეს აკრძალვა შეტანილი იყო მანკიერებისა და სათნოების კანონების პირველ ოფიციალურ დეკლარაციაში, რომელიც მოიცავდა ყოველდღიური ცხოვრების ისეთ ასპექტებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუსიკა, გაპარსვა და არდადეგები. დოკუმენტი 114 გვერდისა და 35 სტატიისგან შედგება.

”ჩვენ გარწმუნებთ, რომ ეს ისლამური კანონი დიდ დახმარებას გაუწევს სათნოების ხელშეწყობასა და მანკიერების აღმოფხვრაში,” - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.

2021 წლის აგვისტოში ავღანეთში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თალიბანმა დაიწყო ქვეყანაში მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების შემოღება, მათ შორის მოქალაქეების გამოჩენასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყანაში ყველა ქალს მოეთხოვებოდა ჰიჯაბის ან ნებისმიერი სხვა სამოსის ტარება, რომელიც მთლიანად მალავს ქალის სხეულს.

გარდა ამისა, 2023 წლის ივლისში ავღანეთმა აკრძალა სილამაზის სალონები, რომლებიც ქვეყანაში 2001 წელს თალიბანის დამხობის შემდეგ გამოჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სილამაზის სალონების აკრძალვა შემოღებულ იქნა იმის გამო, რომ მათი მომსახურების ფასები ძალიან მაღალია და ასევე იმიტომ, რომ წარბების კორექცია შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება.

ეკა დარჩიაშვილი