ელექტროენერგიის გლობალურ წარმოებაში განახლებადი ენერგიის წილმა 2023 წელს 30%-ს გადააჭარბა. 2000 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19% იყო.
2023 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის გენერაციის 7,8% ქარის, ხოლო 5,5% მზის ენერგიით იყო წარმოებული.
2022 წელს ახალი ენერგიის სიმძლავრის 83% განახლებადი წყაროებიდან მოდიოდა. მათი ჯამური სიმძლავრე გაიზარდა 9,6%-ით ანუ 295 გიგავატით. ამ ზრდის უმეტესი ნაწილი მზისა (192 გიგავატი) და ქარის (75 გიგავატი) ელექტროსადგურებიდან მომდინარეობს.
ამჟამად, მსოფლიოში ელექტროენერგიის მოთხოვნის 30%-ზე მეტი უკვე დაფარულია განახლებადი წყაროებით და მათი სიმძლავრე 2030 წლისთვის სამჯერ უნდა გაიზარდოს, რათა ტემპერატურის არაუმეტეს 1,5 გრადუსი ცელსიუსით ზრდის მიზანი იქნას მიღწეული. ეს ინფორმაცია WMO-სა და განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პირველ ერთობლივ ანგარიშშია მოცემული.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ალტერნატიული ენერგიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი სირთულე არის ბუნებრივი კლიმატის ცვალებადობა (მაგალითად, ისეთი ფენომენების გამო, როგორიცაა El Niño). ამის გამო ქარის ენერგიის წარმოების სეზონურმა და წლიურმა რყევებმა შეიძლება 15%-ს მიაღწიოს.
განახლებადი ენერგიის წყაროებს რომ დავეყრდნოთ, უნდა ვისწავლოთ კლიმატის ცვლილების უფრო ზუსტად პროგნოზირება, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება - დათბობის ფონზე, ის უფრო და უფრო მეტი იქნება საჭირო გაგრილებისთვის. მოხსენების ავტორებმა აფრიკის ქვეყნები ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ რეგიონად დაასახელეს: ისინი ამჟამად აწარმოებენ მსოფლიოს განახლებადი ენერგიის დაახლოებით 2%-ს, მაგრამ მისი განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ოპტიმალური ბუნებრივი პირობების გამო.
აგრეთვე იხილეთ:
5 მიზეზი, რატომ უნდა გადავიდეს დედამიწა განახლებად ენერგიაზე
1000-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე მზის პანელები - მეცნიერებმა რევოლუციური ტექნოლოგია შექმნეს