გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვიზიტორებს ალგეთის ეროვნული პარკის მონახულებას ურჩევს და ელექტრონულ გაზეთში „ჩვენი სოფელი“ დაცული ტერიტორიის ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ვიზიტორები პარკში სიარულისას სხვადასხვა ცხოველს შეიძლება შეხვდნენ.
„ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა,ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, წლის ნებისმიერ დროს დაუვიწყარი და სასიამოვნოა. ზღვის დონიდან 1100 - 1950-მეტრი, ჰორიზონტამდე გადაშლილი მდელოები, ცამდე აზიდული მთები, კანიონები, ჩანჩქერები, წითელ-ყვითელი უღრანი ტყეები, ულამაზესი ფიჭვნარი და უძველესი ისტორია - ეს ალგეთის ეროვნული პარკის მცირედი ნაწილია.
მდინარე ალგეთის ხეობისა და შერეული ტყით დაფარული მთების ხედებთან ერთად წალკის (დაშბაში), ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლების და კლდეკარის ციხე-სიმაგრეს ნახვაც შეგიძლიათ.
ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორთა ცენტრიდან უნდა დაიწყოთ, სადაც დაცული ტერიტორიების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას და რჩევებს მიიღებთ. ვიზიტორთა ცენტრი დაბა მანგლისში მდებარეობს; მის ეზოში მოწყობილია ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. ბუნებაში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილი გაძლევთ შესაძლებლობას, ვიზიტორთა ცენტრიდან გაუსვლელად, დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატაროთ.
ეროვნული პარკის მთავარი შესასვლელი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან მდებარეობს. აქედანვე იწყება 16-კილომეტრიანი, წრიული ტურისტული ბილიკი „სამეფო ქედი“, რომელიც საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, ულამაზესი მართალხევის გავლით, სოფელ დიდ ნამტვრიანამდე გრძელდება.
ფეხით სიარულის მოყვარულთათვის გასათვალისწინებელია, რომ ბილიკი 5-6 საათის გზას მოიცავს, რომელიც საოცარ ხედებს გთავაზობთ. ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან დანახული ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები წარმოუდგენელი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.
ბილიკზე მოგზაურობისას კი, არც მეტი, არც ნაკლები, შეიძლება შეგხვდეთ შველი, კურდღელი, გარეული ღორი და რამდენიმე სახეობის გარეული ფრინველი. თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, აუცილებლად დაგეგმეთ სალაშქრო ტურები ალგეთის ეროვნულ პარკში“,- აღნიშნულია სტატიაში.