ქართულმა ბანკებმა რუსული ფულადი გზავნილების სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის შემდეგ, საქართველოში გადარიცხვებს მესამე რუსული კომპანია აჩერებს.

რამდენიმე ქართულმა ბანკმა, მათ შორის „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ რუსული ფულადი გზავნილების სისტემასთან - Zolotaya Korona თანამშრომლობა შეწყვიტეს. ინფორმაცია ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.

მიზეზად კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები გახდა, რომლის თანახმადაც ბიზნესის კეთება სანქცირებულ კომპანიებთან აკრძალულია. ტელეგრამში წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობას გაართულებს.

Zolotaya Korona-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია პარტნიორების მოთხოვნების გათვალისწინება.

ცნობისათვის, აქამდე ანალოგიური პრობლემები შეექმნათ იმ რუსული ბანკების კლიენტებს, რომლებიც SWIFT-ის საერთაშორის სისტემიდან ჩახსნეს.

ეკა დარჩიაშვილი