„ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასები“, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ რეგიონული საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, ფასის ზრდა განპირობებული იყო სეზონურობით და ტურისტების შემოდინებით.
„ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში გაფართოვდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
უფრო კონკრეტულად, „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, გონიო-კვარიათში 19 ახალი მშენებლობა მიმდინარეობს, მახინჯაურში კი 20 ახალი პროექტი ხორციელდება. ჩაქვში, ციხისძირში, ქობულეთსა და შეკვეთილში კი ამჟამად 29 ახალი დეველოპერული პროექტი ხორციელდება.