„ტელეგრამის” აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთის ჩრდილოეთით, ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, 39 წლის მამაკაცი დააკავეს პოპულარულ შეტყობინებების აპლიკაციასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. მათივე ცნობით, გამოძიება ფოკუსირებულია „ტელეგრამის“ პლატფორმაზე მოდერატორების ნაკლებობაზე.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი წერს, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩო „დაუყოვნებელ ნაბიჯებს“ დგამს სიტუაციის გასარკვევად.
ცნობისთვის, „ტელეგრამი“ პოპულარული პლატფორმაა რუსეთში, უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აპლიკაცია რუსეთში 2018 წელს აიკრძალა, მას შემდეგ, რაც დუროვმა მომხმარებლის მონაცემების გადაცემაზე უარი განაცხადა, თუმცა აკრძალვა 2021 წელს მოიხსნა.
Telegram არის ერთ-ერთი მთავარი სოციალური მედიის პლატფორმა Facebook-ის, YouTube-ის, WhatsApp-ის, Instagram-ის, TikTok-ისა და Wechat-ის შემდეგ. დუროვმა „ტელეგრამი“ დააარსა 2013 წელს. მან რუსეთი 2014 წელს დატოვა.