აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პროექტს „გამომყევი აჭარაში“ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მეორე წელია ახორციელებს. პროექტს წელს 33 მონაწილე ჰყავს. ქართველი კონტენტ-კრეატორები, ბლოგერები, მოგზაურები, ინფლუენსერები, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფები აჭარის რეგიონში მოგზაურობენ და ხელს უწყობენ შიდა ტურიზმის განვითარებას.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განუცხადეს, კამპანიის ფარგლებში რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები 80 მილიონს აღწევს. წელს პროექტს 33 მონაწილე ჰყავს. „გამომყევი აჭარაში“ მონაწილეები ირჩევენ „სამოგზაურო პაკეტს“, რომელშიც მოცემულია 4 სავალდებულოდ მოსანახულებელი ადგილი.
„სავალდებულო გადასაღები ადგილების გარდა, მონაწილეს უფლება აქვს მოინახულოს, გადაიღოს და განათავსოს სხვა ტურისტული ადგილები აჭარაში, რაც ასევე ჩაითვლება კამპანიის შედეგების დათვლისას“, - გვითხრეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პროექტი და როგორია შედეგები. აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს, მარიამ ფხოველიშვილს ვესაუბრეთ. მარიამ პროექტში როგორც ინდივიდუალურად, ისე „სამეგობროსთან“ ერთად მონაწილეობს. ჯამში მის მიერ მოსანახულებელი ადგილების რაოდენობა რვას შეადგენს, თუმცა პროექტის მიმდინარეობისას ბევრად მეტი ადგილი მოინახულა.
„სიამოვნებით ჩავერთეთ პროექტში, ორიენტირებულები ვართ უფრო მეტად მაღალმთიანი აჭარის აღმოჩენაზე, რადგან ზღვისპირეთი ისედაც ცნობილი იყო ჩვენთვის. გენიალური პროექტია ტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი მასშტაბით რეგიონის გასაცნობად.
ბევრი ლოკაცია დავფარეთ, მაგალითად ქედის მუნიციპალიტეტში მოვინახულეთ კოკოტაური, მერისი, ასევე ვიყავით ვაიოში, მოვინახულეთ გოდერძი, შუამთის ტბები, მწვანე ტბაზე, ქობულეთი, ბათუმი, ხიხაძირში და ა.შ“, - აღნიშნავს მარიამ ფხოველიშვილი.
პროექტის მონაწილე აღნიშნავს, რომ „გამომყევი აჭარაშის“ მიმდინარეობის პროცესში აჭარის რეგიონის ტურისტული ცნობადობა გაიზარდა.
„გამარჯვებაზე დიდიად არც ვნერვიულობთ და არც ვფიქრობთ, ჩვენი ძირითადი მიზანია პოპულარიზება გავუწიოთ ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ აჭარის ცნობადობა ამ პროექტის შემდეგ უფრო გაიზარდა. ჩემი ნათესავებიც კი მწერენ, მირჩიე ზღვისპირა ან მაღალმთიან აჭარაში ბიუჯეტური კარგი კოტეჯი, რომელიც დამაინტერესებსო.
ისეთი „ტრენდი“ ჩამოვაყალიბეთ, რომ არამარტო აჭარის, არამედ საქართველოს რეგიონების განვითარებაზე ვზრუნავთ - „ჩამოდი აჭარაში“ გახდა - „ჩამოდი კახეთში“, „ჩამოდი სამეგრელოში“ და ა.შ. კომენტარების 80%-ში წერენ, რომ „მოვდივართ აჭარაშიო - ვფიქრობ, რომ ყველა რეგიონმა უნდა გააკეთოს მსგავსი პროექტი“, - აღნიშნა მარიამმა.
ცნობისთვის, პროექტი 1-ელი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ხორციელდება. შემაჯამებელი ღონისძიება სექტემბერში გაიმართება და გამარჯვებულები გამოვლინდება. 1-ელ ადგილზე გასული ინფლუენსერი 100 000 ლარს, მეორე ადგილზე გასული 50 000 ლარს, მესამეზე - 30 000 ლარს, ხოლო მეოთხე ადგილოსანი 20 000 ლარს მიიღებს.