რამდენიმე “მონა ლიზა“ და ისტორიები მათ მიღმა - რომელია ორიგინალი შედევრი

ყველა ვიცნობთ დავინჩის შედევრს - მონა ლიზას. თუმცა, ნაკლებად არის გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში კიდევ ორი ​​მონა ლიზა გამოჩნდა და მათი მფლობელები ამტკიცებენ, რომ ისინი ავთენტურია.

daasd-1724587734.jpg

ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ მონა ლიზა არის იტალიელი მხატვრის ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული პორტრეტი. ნამუშევარი ითვლება იტალიური რენესანსის შედევრად.

ტილოზე ასახულია ქალბატონი სადა კაბაში, თუმცა და ვინჩის ნახატის ყველაზე ცნობილი ელემენტებია იდუმალი ღიმილი და საუკუნოვანი საიდუმლოება მისი ვინაობის გარშემო.

ვინ არის მონა ლიზა?

ვარაუდობენ, რომ შედევრი 1503-დან 1506 წლამდე შუალედში შესრულდა. მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ პორტრეტზე გამოსახულია იტალიელი დიდგვაროვანი ქალი, სახელად ლიზა დელ ჯოკონდა, ასევე ცნობილი როგორც ლიზა გერარდინი - წარმატებული აბრეშუმის ვაჭრის ფრანჩესკო დელ ჯოკონდას ცოლი.

ითვლება, რომ დელ ჯოკონდომ და ვინჩის დაავალა, დაეხატა ცოლის პორტრეტი მეორე ვაჟის დაბადების აღსანიშნავად.

1503 წლის ოქტომბრით დათარიღებულ ჩანაწერში, და ვინჩის თანაშემწე აგოსტინო ვესპუჩი ადასტურებს, რომ დაახლოებით იმ პერიოდში და ვინჩი მართლაც მუშაობდა ლიზა დელ ჯოკონდოს ნახატზე.

"ლეონარდო და ვინჩი 1503 წელს ხატავდა ფლორენციელი ქალბატონის პორტრეტს - სახელად ლიზა დელ ჯოკონდო. ამის შესახებ ჩვენ უკვე დარწმუნებულები ვართ. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყოთ, რომ ლიზა დელ ჯოკონდოს ეს პორტრეტი ლუვრშია“, – აცხადებს ლუვრის წარმომადგენელი ვინსენტ დელიევინი.

მონა ლიზას ვინაობის შესახებ მრავალი სხვა თეორია არსებობს. ერთი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ნახატზე ვინჩის დედა - კატერინა იყოს გამოსახული.

არსებობს მეორე თეორიაც, რომ მონა ლიზა არის მხატვრის ავტოპორტრეტი. მეცნიერების ვარაუდით, ტილოზე ოსტატმა საკუთარი თავი ქალად შენიღბა.

სამეფო ოჯახის საკუთრება

ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ როდესაც და ვინჩი 1519 წელს გარდაიცვალა, ნახატი მის სტუდიაში იყო. მაშინ ტილო საფრანგეთის მეფემ, ფრანცისკე I-მა შეიძინა. მოგვიანებით მონა ლიზა სამეფო კოლექციის ნაწილი გახდა.

1787-1799 წლებში აჯანყების პარალელურად, ფრანგმა ხალხმა ის საერთო საკუთრებად ჩათვალა და სამეფო ოჯახის წევრებს ნახატი დაათმობინეს.

ქურდობა

1911 წლის 21 აგვისტოს მხატვარი ლუი ბერუდი მივიდა ლუვრში, ის მონა ლიზას ესკიზის დახატვას გეგმავდა. თუმცა, გაკვირვებული დარჩა - აღმოაჩინა, რომ საგამოფენო სივრცეს ნახატი ეკლდა.

დადგინდა, რომ მონა ლიზა მოპარული იყო.... მალე დანაშაულისთვის ფრანგი პოეტი გიომ აპოლინერი დააპატიმრეს. დაკითხვაზე დაიბარეს მხატვარი პაბლო პიკასოც, თმცა მოგვიანებით ორივე გაამართლეს.

ნამდვილი დამნაშავე მხოლოდ ორი წლის შემდეგ იპოვეს... ქურდი ლუვრის თანამშრომელი ვინჩენცო პერუჯა აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მას ნახატის იტალიაში დაბრუნება სურდა და გაყიდვას ცდილობდა.

პერუჯას ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა იტალიაში მას გმირად თვლიდნენ.

მონა ლიზა დღეს

დღეს ნახატი ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა, ლუვრის სალი დე ეტატშია გამოფენილი.

ნახატი განათებულია სპეციალურად შემუშავებული ნათურით, რომელიც ამცირებს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ გამოსხივებას. მხოლოდ მონა ლიზას ყოველწლიურად დაახლოებით 10,2 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ისეთ ნივთზე ფასის დადება, როგორიც არის მონა ლიზა, თითქმის შეუძლებელია, თუმცა 1962 წელს ნახატი 100 მილიონ დოლარად იყო დაზღვეული.

123456-1724587782.jpg

ჰეკინგის მონა ლიზა

1950-იან წლებში ანტიკვარულმა დილერმა რაიმონდ ჰეკინგმა განაცხადა, რომ მონა ლიზას ვერსია, რომელიც მან საფრანგეთში ხელოვნების დილერისგან 3 ფუნტად იყიდა (დაახლოებით $110/86 ფუნტი დღევანდელი კურსით) იყო ლეონარდო და ვინჩის ორიგინალი ნამუშევარი.

ჰეკინგს სჯეროდა, რომ 1911 წელს მონა ლიზას ქურდობის შემდეგ, ლუვრში ყალბი დააბრუნეს და ნამდვილი ნახატი ახლა მის საკუთრებაში იყო.

98765432-1724587835.jpg

თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, ჰეკინგმა ნამუშევარი ხელოვნების ცნობილ ისტორიკოსს მაქს ჯეიკობ ფრიდლანდერს აჩვენა. მან თქვა, რომ ეს ნახატი ნამდვილად შეიძლება იყოს ორიგინალი მონა ლიზა.

ფრიდლენდერის სიტყვებით გამხნევებულმა ჰეკინგმა მედია კამპანია წამოიწყო, რათა დაემტკიცებინა მისი ავთენტურობა.

პრეტენზიები სერიოზულად იქნა მიღებული საზოგადოების ნაწილის მიერ.

თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ ჰეკინგი ასლს ფლობდა.

მოგვიანებით "ჰეკინგის მონა ლიზა" აუქციონზე 3,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი ყალბი მონა ლიზასთვის. თუმცა, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვინც ამტკიცებენ, რომ ჰეკინგი ორიგინალს ფლობდა...

xcv-1724587856.jpg

ახალგაზრდა მონა ლიზა

მეორე ნახატის - "ისლევორტ მონა ლიზას" ისტორია პირველ მსოფლიო ომამდე იწყება. ინგლისელმა ჰიუ ბლეკერმა ნახატი სომერსეტის სასახლეში შეამჩნია. ის იქ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეკიდა, როგორც ორიგინალი და ვინჩის ნამუშევარი.

ნახატი საოცრად ჰგავდა ლუვრში ჩამოკიდებულ ცნობილ მონა ლიზას. მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ეს ნახატი ასახავდა იდუმალი ქალის ბევრად უფრო ახალგაზრდა ვერსიას.

ბლეკერმა ნახატი იყიდა და სახლში, ისლევორტში წაიღო. აქედან მომდინარეობს სახელი "Isleworth Mona Lisa".

ბლეკერის მამინაცვალმა ჯონ ეირმა გამოაქვეყნა მონოგრაფია, რომელშიც ნათქვამია, რომ და ვინჩი მუშაობდა მონა ლიზას ორ ვერსიაზე, ხოლო ისლევორტის ნახატი იყო ნახატის უფრო ადრეული ვერსია.

ნახატი ამერიკელმა ხელოვნების კოლექციონერმა, სახელად ჰენრი ფ პულიცერმა იყიდა. იგი ინახებოდა შვედეთის ბანკის სარდაფში.

2012 წელს ორგანიზაციამ სახელად Mona Lisa Foundation-მა მსოფლიოს გააცნო ნახატი და განაცხადა, რომ ეს იყო თავად და ვინჩის მიერ დახატული მონა ლიზას ადრინდელი ვერსია. თუმცა მეცნიერები და ექსპერტები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, არის თუ არა ნახატი ორიგინალი.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი