აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ბათუმში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მონაწილეობით გამართულ თაფლის ფესტივალს დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ-ს მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი პროდუქცია აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან გოგიტა თედორაძესთან ერთად დაათვალიერა.
რიგით მე-7 "შავი ზღვის თაფლის ფესტივალზე" საკუთარი პროდუქცია 50-მდე მეფუტკრემ, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა წარადგინეს.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.
ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.