საქართველოდან ექსპორტის 5.2% - ევროკავშირის, ხოლო 69.5% დსთ-ს ქვეყნებზე მოდის -  „გალთ ენდ თაგარტი“

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში ახალი რეკორდული მაჩვენებელი 684.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ამასთან, იმპორტი წლიურად 7.2%-ით გაიზარდა 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 5.7%-იანი კლების შემდეგ. შედეგად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 7.8%-ით შემცირდა 735.7 მლნ აშშ დოლარამდე.

2024 წლის ივლისში მანქანები (+38.4% წ/წ), ფეროშენადნობები (+37.1x წ/წ), სპირტი (+98.6% წ/წ), ღვინო (-26.5% წ/წ) გაზიანი სასმელები (+103.0% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი.

ამასთან, ექსპორტის 5.2% ევროკავშირზე მოდიოდა (-29.9% წ/წ), 69.5% დსთ-ზე (+37.2% წ/წ) და 25.3% სხვა ქვეყნებზე (+33.9% წ/წ).

2024 წლის ივლისში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-30.4% წ/წ), ნავთობი (+23.5% წ/წ), მედიკამენტები (+18.4% წ/წ), გამომთვლელი მანქანები (+350.1% წ/წ) და შერეული საქონელი (+20.5x წ/წ).

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 5.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 1.3%-ით შემცირდა 3.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 2.9%-ით გაიზარდა და 9.0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა,“- აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

თაია არდოტელი