სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის 7 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 102 822 973 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 101 916 162 ლარი.
შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 906 811 ლარით გაიზარდა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს დერეფანი 293 779-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 291 189-მა ტრაილერმა.
ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.