Zolotaya Korona-თი  საქართველოში ფულადი გზავნილები აღდგა

Zolotaya Korona-თი საქართველოში ფულადი გზავნილები აღდგა. ქართულ ბანკებში ტრანზაქციები 24 აგვისტოს შეწყდა, ამის მიზეზად კი კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები დასახელდა, რომლის თანახმადაც ბიზნესის კეთება სანქცირებულ კომპანიებთან აკრძალულია.

როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე bpn-თან საუბრისას განმარტავს, რუსული სისტემიდან ფულადი გზავნილების შეჩერება უფრო ტექნიკური ხასიათის იყო, რადგან მიმდინარეობდა Zolotaya Korona-სთან დაკავშირებული კომპანიების სანქცირებულ პირებთან კავშირის გადამოწმება. მისი თქმით, კვლევით დადასტურდა, რომ აღნიშნულ სისტემა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებული არ არის, შესაბამისად, გზავნილებიც აღდგენილია.

„შაბათ-კვირას იყო შეფერხება. მიმდინარეობდა დაზუსტება, Zolotaya Korona-სთან დაკავშირებული კომპანიების კავშირების, სანქცირებულ პირებთან. აღნიშნული კვლევა დასრულებულია და მათთან Zolotaya Korona-ს კავშირი არ ფიქსირდება. შესაბამისად, უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს აღნიშნული სისტემა. ეს შეფერხება უფრო ტექნიკური ხასიათის მოკვლევას უკავშირდებოდა“,- ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ცნობისთვის, Unistream-ისა და Contact-ის შემდეგ, Zolotaya Korona იყო მესამე ფულადი გზავნილების რუსული სისტემა, რომლიდანაც გადარიცხვები შეჩერდა (დროებით).

Unistream-მა საქართველოში გზავნილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.

რაც შეეხება Zolotaya Korona-ს, მისი საშუალებით ქვეყანაში თანხის გადმორიცხვა უკვე აღდგენილია. 2024 წლის ბოლო, ივლისის სტატისტიკის მიხედვით, მასზე მოდიოდა მთლიანი ფულადი გადმორიცხვების 23.6% და საქართველოდან გადარიცხვების 33.9%. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში ფულადი გზავნილების აღნიშნული სისტემით გადმორიცხა 70.276 მლნ დოლარი, უცხოეთში კი 11.355 მლნ დოლარი გადაირიცხა.

რაც შეეხება შვიდი თვის სტატისტიკას, წელს იანვარ-ივლისში Zolotaya Korona-ს გავლით საქართველოში შემოვიდა 463.210 მლნ დოლარი, რაც მთლიანი გზავნილების 23.7%-ს შეადგენს. შვიდ თვეში ქვეყანაში მთლიანად 1.954 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.

ნინი ქეთელაური