კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში 800 ვებ-გვერდის დაბლოკვა მოითხოვა - IDFI

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში 800 ვებ-გვერდის დაბლოკვა მოითხოვა - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია საუბარი.

მათი ცნობით, კვლევაში გამოყენებულია კომუნიკაციების კომისიისგან გამოთხოვილი და მიღებული დოკუმენტაცია, რომლებიც ჯამში მოიცავს 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით ინტერნეტ გვერდებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაგზავნილი მოთხოვნების წერილებს. გთავაზობთ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილ ტენდენციებს.

„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს ჯამში 74 მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც ჯამში მოთხოვნილ იქნა 800 ვებგვერდის დაბლოკვა.

საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი 74 მიმართვიდან 13 იყო კომისიის დამოუკიდებელი მოკვლევის შედეგი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ შემთხვევაში მოთხოვნის თავდაპირველი ინიციატორი კომისია არ ყოფილა.

კომუნიკაციების კომისიის 74 მიმართვის მიხედვით, ვებ-გვერდების დაბლოკვის მიზეზები/სამართლებრივი საფუძვლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

foto-chasma-1724677513.jpg

მსგავსად წინა კვლევისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაშიც საავტორო უფლებები იყო ყველაზე გავრცელებული საფუძველი ინტერნეტ გვერდებზე წვდომის შეზღუდვისთვის. სახელდობრ, კომისიამ 23 მიმართვით, ჯამში 292 ვებგვერდის დაბლოკვა მოითხოვა.

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული ინფორმაციის 32 შემთხვევიდან კონკრეტული საფუძვლების მიხედვით მდგომარეობა გამოიყურება შემდეგნაირად:

  • პროსტიტუცია და პროსტიტუციის ხელშეწყობა (27 მიმართვა) - აღნიშნული საფუძვლით კომუნიკაციების კომისიის მიმართვები ჯამში ეხებოდა 220 ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვას.
  • ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად, შესაბამისი ნებართვის არარსებობის პირობებში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება (1 მიმართვა);
  • კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა (1 მიმართვა) - აღნიშნული საფუძვლით, ჯამში 4 ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით კომისიას მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ.
  • პერსონალური მონაცემების ხელყოფა (2 მიმართვა) - მოცემული საფუძვლით კომისიას მიმართავდა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და 11 გვერდის დაბლოკვა ითხოვა.
  • თაღლითობა (1 მიმართვა) - მოცემული საფუძვლით მოთხოვნილ იქნა ერთი ვებგვერდის დაბლოკვა,"- აღნიშნულია IDFI-ს ინფორმაციაში.
თაია არდოტელი