გლდანის რაიონში კიდევ ერთი პარკი ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, უკვე განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე პროექტს დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი 2025 წლის ივნისში დასრულდება და სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, პროექტში გამწვანების, ნოყიერი მიწის ნაზავის დაყრის, ბალახის დათესვისა და სხვადასხვა სახეობის ნერგების დარგვაცაა გათვალისწინებული.

„პროექტი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ტერიტორია მთლიანობაში 2 ჰექტარია. წლის ბოლომდე, პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებული იქნება და შემდეგ გადავალთ მეორე ეტაპზე. პროექტის ფარგლებში ეწყობა სასეირნო ბილიკები და საბავშვო ატრაქციონები; დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა; დამონტაჟდება საპარკო ინფრასტრუქტურა, ტრენაჟორები და განათების ქსელი, ასევე მოეწყობა საპარკინგე სივრცეც. გასულ წელს აქ გამგეობამ კალათბურთის სტადიონიც გააკეთა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საკმაოდ სასიამოვნო გარემო იქნება დასვენების, ვარჯიშის, განტვირთვისა და გართობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე სამუშაოები ასევე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესო კალაძემ და თბილისის საკრებულოს წევრებმაც დაათვალიერეს.