IKEA მეორადი ავეჯის ვებგვერდს ჩაუშვებს

ავეჯის ქსელი, IKEA ონლაინ-პლატფორმა Preowned-ს ჩაუშვებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს მეორადი ავეჯი მიყიდონ.

ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ახალი საიტი მადრიდსა და ოსლოში წლის ბოლომდე დაიტესტება, ხოლო სამომავლოდ მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

კერძოდ, მომხმარებლები ვებგვერდზე პროდუქტს, მის ფასსა და ფოტოებს ატვირთავენ, ხოლო IKEA-ს ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ბაზა სარეკლამო სურათებსა და ზომებს დაამატებს. მყიდველი ავეჯს პირდაპირ გამყიდველისგან შეიძენს, რომელიც IKEA-სგან ფულს ან ვაუჩერს 15%-იანი ფასდაკლებით მიიღებს.

განცხადების განთავსება უფასო იქნება. თუმცა IKEA-ს მაღაზიების ქსელის მფლობელი ჰოლდინგის, Ingka Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, იესპერ ბროდინი აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში მომხმარებელს შესაძლოა, სიმბოლური გადასახადი დაეკისროს.

IKEA-ს მეორადი ავეჯის ყიდვისა და მომხმარებლებზე მისი გადაყიდვის გამოცდილება უკვე აქვს, თუმცა Preowned უფრო ამბიციური პროექტია. ახალი მარკეტპლეისი ქსელის ტრანსფორმაციის ნაწილია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ონლაინ-გაყიდვებს, ქალაქის ცენტრში მაღაზიებსა და ავეჯის აწყობას მოიცავს.

ამ ბაზარზე შესვლით IKEA კონკურენციას eBay-ს, Craigslist-სა და Gumtree-ს გაუწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ