ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის ვადას აგვისტოს ბოლომდე აძლევს.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დეკლარაციები ხელმისაწვდომია, თუმცა „არსებობს პარტიები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა გამჭვირვალობის გარეშე დარჩენილი“.
„ჩვენ ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსურ მონიტორინგს ვახორციელებთ, მათ შორის "ქართული ოცნების", იმისთვის, რომ კიდევ უფრო უზრუნველყოფილი იყოს მაღალი სტანდარტის გამჭვირვალობა, მიღებულია გადაწყვეტილება 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტომდე, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინოს ფინანსური ანგარიშები, მათ შორის „ქართულმა ოცნებამაც“.
შეგიძლიათ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დეკლარაციები იხილოთ, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტიის, თუმცა არსებობს პარტიები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა არის გამჭვირვალობის გარეშე დარჩენილი.
გასულ წელს პარტიებმა, რომლებმაც წარმოადგინეს დეკლარაციები, ყველა შემომწირველმა მონიტორინგი გაიარა. „ქართული ოცნების“ ყველა შემომწირველი შემოწმდა, განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიისა.
ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები და ჟურნალისტური გამოძიება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშები არც თუ ისე სანდოა.
დღეს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში ყველაზე მაღალი სტანდარტი გვაქვს გამჭვირვალობის კუთხით, ყველა თანამდებობის პირი ავსებს ჩვენთან დეკლარაციას. ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმ ხარვეზების აღიარება, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. ჩვენ ნოემბერში წარვადგინეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად ყველა წარმოდგენილი დეკლარაცია მონიტორინგს გადის.
იყო შეცდომები, ვხედავდით, რომ ადამიანებს გამორჩენილი ჰქონდათ უძრავი ქონების შეტანა დეკლარაციებში, თუმცა საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო. თითოეული დეკლარაცია 2-თვიან შემოწმებას გაივლის.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საჯარო ბაზებში ამის ნახვა ყველას შეუძლია, ის რომ ხშირად იყო ხარვეზი, როცა თანამდებობის პირი ვერ ასახავდა თავის უძრავ ქონებას, სწორედ ეს იყო ხარვეზი, რომელიც აღმოიფხვრა“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.