„პრობლემური მიწები იყო, ისინი მოიშორეს“ - რატომ გაყიდა Ferrero-მ საქართველოში თხილის პლანტაციები

Ferrero-მ საქართველოში თხილის პლანტაციების ნაწილი გაყიდა. როგორც მისი შვილობილი კომპანიის „აგრიჯორჯიას“ ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, თუ 2022 წელს კომპანია 2 300 ჰექტრამდე თხილნარებს ფლობდა, 2023 წელს პლანტაციების ფართობი 800 ჰექტრამდე შემცირდა. ამასთან, გასული წლის ზაფხულში 1,500 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება გაყიდა, ხოლო 2021 წელს 1,815 ჰექტარი მიწა.

როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა bpn-თან აცხადებს, მისი ინფორმაციით, საუბარი იყო „პრობლემურ მიწებზე“, რომელიც კომპანიამ „მოიშორა“, თუმცა ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას განაგრძობს და რაც მთავარია, გიორგი თოდუას თქმით, Ferrero საქართველოს ბაზრის დატოვებას არ აპირებს.

„2-3 წელია მუდმივად ასხვისებდნენ, დიდი ნაწილი გაიყიდა, მაგრამ პლანტაციების ნაწილი შეინარჩუნეს. წელს აღარ გაუსხვისებიათ. ჩემი ინფორმაციით, პრობლემური მიწები იყო, ისინი მოიშორეს და კარგები (ნაწილი) დაიტოვეს. დაზუსტებით არ მაქვს ინფორმაცია, ახლა რა ფართობს ფლობენ. ჩვეულებრივ, კარგად აგრძელებენ მუშაობას, თხილსაც ყიდულობენ და ადგილობრივ ფერმერებთანაც თანამშრომლობენ. გასვლას რომ არ აპირებენ, ეგ ზუსტად ვიცი“,- ამბობს გიორგი თოდუა.

ცნობისთვის, ანგარიშგების მიხედვით, „აგრიჯორჯიამ“ 2023 ფინანსური წელი 34.718 მლნ ლარის ზარალით დახურა, მაშინ, როდესაც 2022 წელს 22.313 მლნ-ს მოგება მიიღო. ამასთან, კომპანიამ გასულ ფინანსურ წელს ამონაგები 41.379 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წელს - 39.006 მლნ-ს.

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ზარალი ძირითადად მიწისა და ბიოლოგიური აქტივების გასვლით და საკურსო სხვაობით იყო გამოწვეული. კომპანიის აქტივები 53.685 მლნ ლარს შეადგენს, ვალდებულებები - 10.293 მლნ-ს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ შპს „აგრიჯორჯია“ საქართველოში 2007 წლის 20 მარტს დაფუძნდა. 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიის ერთადერთი უშუალო მშობელი კომპანია იყო Ferrero Trading Lux S.A. და საბოლოო მშობელი კომპანია იყო Ferrero International S.A. (სს Ferrero TradingLux S.A.-ის უშუალო მშობელი კომპანია), ორივე რეგისტრირებულია ლუქსემბურგში.

ნინი ქეთელაური