„ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდა“- რამ გამოიწვია ფეროშენადნობების ექსპორტის 80.8%-იანი ზრდა

„მიზეზი, გაზაფხულზე, მსოფლიოში შექმნილი დეფიციტი იყო“ - ასე აფასებს ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნუგზარ კევლიშვილი საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდას.

ცნობისათვის, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 80.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან გავიდა 111.237 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები, მიმდინარე წლის შვიდ თვეში ექსპორტმა 201.135 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წელს ადგილობრივ ექსპორტში ფეროშენადნობების წილმა 12.7% შეადგინა და გადაუსწრო ღვინის ექსპორტის მაჩვენებელს (10.9%).

ნუგზარ კევლიშვილი აცხადებს, რომ ექსპორტის რეკორდული ზრდის მიზეზი, გაზაფხულზე, მსოფლიოში შექმნილი დეფიციტი იყო.

მისი თქმით, გარდა ამისა, იაფი იყო ელექტროენერგია, შედეგად დამატებით რამდენიმე საწარმო ამოქმედდა. თუმცა, ნუგზარ კევლიშვილი აღნიშნავს, რომ წარმოების ბედი, შემოდგომაზე დენის ტარიფის მიხედვით გადაწყდება.

„წლის განმავლობაში, კონკრეტულად, გაზაფხულზე, მცირე დეფიციტი შეიქმნა ბაზარზე, მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად, ექსპორტიც გაიზარდა. ანუ, ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. რადგან ელექტროენერგია იაფი იყო, რამდენიმე საწარმო კიდევ ჩაერთო საქმეში. ახლა ფასი ცოტა ქვემოთ წამოვიდა და ელექტროენერგიის ღირებულება ცოტა გაიზრდება, ამიტომ რა იქნება, არ ვიცი. ჯერჯერობით ელექტროენერგია ისევ იაფია, შემოდგომაზე როგორი იქნება, ამის მიხედვით დალაგდება ვითარება“,- ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.

ნინი ქეთელაური