ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის კუთვნილი ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi უზბეკეთში გადახდის სისტემა Humo-ს ყიდულობს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.
„Kaspi.kz-მა გამოხატა ინტერესი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გადახდის სისტემა Humo-ს ოპერატორის, სს “ეროვნული ბანკთაშორისი პროცესირების ცენტრის” საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს 100%-იანი წილის გაყიდვას შეეხება,“ - წერია კომპანიის განცხადებაში.
პრივატიზაციაში მონაწილეობის შესახებ წერილი Kaspi.kz-მა კომპანია Deloitte-ს გაუგზავნა, რომელიც უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტოს კონსულტანტია.
კომპანიები მოსალოდნელი გარიგების თანხას არ ასაჯაროებენ.
Humo, რომელიც აუქციონზე 22 ივლისს გაიტანეს, უზბეკეთსა და მის ფარგლებს გარეთ ტრანზაქციებისთვის საბანკო გადახდის ბარათებზე დაფუძნებული გადახდის სისტემაა.
2018 წელს შექმნილ გადახდის სიტემა Humo-ს ფარგლებში 27 მილიონი HumoCard გაიცა, ასევე, 6,400 ბანკომატი და 210,000-ზე მეტი ტერმინალი ფუნქციონირებს. უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტოს მონაცემებით, Humo-ს საწესდებო კაპიტალი, დაახლოებით, 12,2 მლნ დოლარს შეადგენს.
„ჩვენ Humo-ს ამჟამინდელ ბიზნეს-მოდელს განვავითარებთ და მას გადახდის ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებაში ჩვენს დიდ გამოცდილებას დავამატებთ. ჩვენ უზბეკეთში ტექნოლოგიებსა და პერსონალში მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოველით,“ - აცხადებს Kaspi.kz-ის მმართველი მიხეილ ლომთაძე.
ცნობისთვის: Kaspi.kz-ის აქციონერებმა, რომელშიც ყაზახეთის სიდიდით მესამე საცალო ბანკი, Kaspi Bank შედის, წელს ამერიკულ Nasdaq-ის ბირჟაზე, IPO-ს ფარგლებში, კომპანიის 1,04 მლრდ დოლარის ფასიანი ქაღალდები განათავსეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ