„არ გვინდა, მოვითხოვოთ საჰაერო სივრცე, სადაც არავინ იფრენს“ – რატომ გაჭიანურდა პარაპლანით ფრენა ბახმაროსა და გოდერძიზე

„როგორც კი გამოჩნდება ადამიანი, ვისაც ამის ინტერესი აქვს, ჩვენ მზად ვართ ეს პროცესი წინ წავწიოთ“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ პარაპლანის ფედერაციის დირექტორი, ირაკლი კაპანაძე გოდერძისა და ბახმაროში პარაპლანით ფრენების დაწყების გადადებას. როგორც ცნობილია, არსებული ლოკაციების გარდა, ორიოდე თვის წინ აქტიურად განიხილებოდა პარაპლანით ფრენების დაწყება ბახმაროსა და გოდერძიზე.

„გოდერძის და ბახმაროს საკითხში უპირატესობა ადგილობრივ ერთეულებს ენიჭება. მათგან აქტიურობა არ არის და სწორედ ამიტომ არის, რომ ეს საქმე წინ ვერ მიიწევს. როგორც კი გამოჩნდება ადამიანი, ვისაც ამის ინტერესი აქვს, ჩვენ მზად ვართ ეს პროცესი წინ წავწიოთ. ჩვენ საჰაერო სივრცის ცვლილების პროექტში გვიდევს ყველა დეტალი, რასაც დრო სჭირდება. ეს საკითხი აქტიურად რომ მიმდინარეობდეს, ამას სჭირდება ადგილზე დაინტერესბული პირი. თორემ, ფედერაცია დაინტერესებული არ არის იმით, რომ მაინდამაინც ბახმაროში იყოს ფრენები“, - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

მისი თქმით, თუ ადგილობრივების დაინტერესება არ იქნება, სახელმწიფოსგან საჰაერო სივრცის მოთხოვნა არასწორი იქნება.

„უფრო გარკვევით რომ ვთქვა, არ გვინდა სახელმწიფოსგან მოვითხოვოთ საჰაერო სივრცე, სადაც არავინ იფრენს და ამის პარალელურად სხვა საჰაერო ხომალდებს იქ ოპერირების საშუალება შეეზღუდებათ. ანუ, საჰაერო სივრცესაც ასევე სახელმწიფო რესურსია, რომელსაც სწორად გამოყენება სჭირდება, როგორც სხვა ყველა მიმართულებას“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პარაპლანით ფრენა დასაშვები შემდეგ ლოკაციებზეა: თბილისის ზღვაზე, კახეთში, კერძოდ საგარეჯოში, სვანეთი, კონკრეტულად მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში.

შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა.

ამ ტრაგედიის შემდეგ, ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი გასული წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.

აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.

ეკა დარჩიაშვილი