კრიპტოვალუტის მილიონერების რაოდენობა, რომლებიც 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობენ, წლის განმავლობაში, თითქმის, გაორმაგდა და 172,300 ადამიანს მიაღწია.
ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის Crypto Wealth Report-ის კვლევის შედეგებში წერია.
კომპანია განმარტავს, რომ სტატისტიკა 30 ივნისის მდგომარეობით არის აქტუალური.
კვლევის თანახმად, მათი რიცხვი, ვინც 1 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივებს ფლობს, 27%-ით გაიზარდა და 28 ადამიანს მიაღწია.
კრიპტოვალუტის მილიონერებსა და მილიარდერებს შორის 85,400 პირია, ვინც 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინს ფლობს. მათი რიცხვი მთელ მსოფლიოში 111%-ით, ხოლო ბიტკოინ-მილიარდერთა რაოდენობა 11 ადამიანამდე, ანუ 83%-ით გაიზარდა.
ამასთან, კვლევის შედეგებით, კრიპტოაქტივების მთლიანი საბაზრო ღირებულება წლიდან წლამდე, ასევე, თითქმის, გაორმაგდა და 2,3 ტრლნ დოლარს მიაღწია.
Henley&Partners-ის შეფასებით, ასეთი დინამიკა მთავარ ფინანსურ ბაზრებზე კრიპტოვალუტა Ethereum-ის გაჩენასა და მარტში ბიტკოინის 73,000 დოლარამდე ზრდას უკავშირდება.
ცნობისთვის: სერვის Binance-ის მონაცემებით, 27 აგვისტოს საღამო საათებში ბიტკოინი 61,905 დოლარად ივაჭრებოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ