ორგანიზაცია BITKOM-მა 1000 გერმანულ კომპანიაში განხორციელებული „კიბერშეტევების“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის თანახმად, გერმანული კომპანიების 81% ბოლო დროს მონაცემთა მოპარვით, ჯაშუშობით ან დივერსიით დაზარალდა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 72% იყო.
BITKOM-ის კვლევის მიხედვით, გერმანული კომპანიების კიბერშეტევების შედეგად მიღებული ჯამური ზარალი ბოლო 12 თვეში, წინა წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა და 266,6 მილიარდ ევროს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების 70%, რომლებშიც კიბერშეტევები განხორციელდა, ფაქტებს ორგანიზბულ დანაშაულს უკავშირებს, 45%-მა განაცხადა, რომ მინიმუმ ერთი თავდასხმა ჩინეთში იყო დაგეგმილი. მეორე ადგილზეა რუსეთი 39%-ით.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველი სამი კომპანიიდან თითქმის ორი ხედავს თავის აქტივებს კიბერშეტევების საფრთხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო რთული მიწოდების ქსელები ქმნის კარიბჭეს ინტერნეტ ჰაკერებისთვის, აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანიების მხოლოდ 37%-ს აქვს გადაუდებელი გეგმა მიწოდების ჯაჭვში უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირებისთვის.