აფხაზეთში წლის პირველ ნახევარში რუსების 2,1 მილიონი ტურისტული მგზავრობა დაფიქსირდა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,5%-ით მეტია. ამის შესახებ ფედერაციის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ “როსსტატის” ანგარიშში წერია.
აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ რუსების სამოგზაურო მიმართულებებს შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტად წლის პირველ ნახევარში რუსებმა თურქეთში, შემდეგ აფხაზეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ტაილანდსა და ჩინეთში იმოგზაურეს.
კერძოდ, თურქეთში რუსების მოგზაურობების რაოდენობამ 2,4 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,5%-ით მეტია. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რომელიც აფხაზეთის შემდეგ მესამე ადგილზეა, 11%-ით მეტი, ანუ 947,4 ათასი მგზავრობა დაფიქსირდა. ტაილანდში რუსების ტურისტული მოგზაურობების რაოდენობამ 29,6%-ით მეტი, ანუ 687 ათასი, ხოლო ჩინეთში 3,7-ჯერ მეტი, 651,1 ათასი შეადგინა. ეგვიპტე 15,1%-ით მეტი, ანუ 639,4 ათასი მგზავრობით მეექვსე ადგილზეა.
“როსსტატი” საქართველოს მონაცემებს აფხაზეთის გარეშე ასახელებს და წერს, რომ წლის პირველ ნახევარში რუსეთის ტურისტული ნაკადი ქვეყანაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31,3%-ით, 498,5 ათასამდე გაიზარდა.
ამდენად, აფხაზეთის ჩათვლით საქართველოს საერთო მაჩვენებელი 2,6 მგზავრობას აღწევს, რაც პირველ ადგილზე მყოფ თურქეთის მაჩვენებელზე, თითქმის, 200 ათასზე მეტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ