„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - მთავრობა ახალი პროგრამას იწყებს

მთავრობა ახალი პროგრამას - „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - იწყებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 25 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ამასთან, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.

დადგენილების მიხედვით, პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო, პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

  • 1. „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად (მათ შორის, საბრუნავი საშუალებებისთვის).
  • 2. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სატრანსპორტო საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და მისაბმელის შეძენა.
  • 3. პოტენციური ბენეფიციარის მიერ მისაღები სესხების ჯამური თანხის არანაკლებ 80% უნდა მოიცავდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნას/შესყიდვას, ამასთანავე, სესხის თანხით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით.
  • 4. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხ(ებ)ის ჯამური თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ლარს და არაუმეტეს 1 000 000 ლარისა.
  • 5. სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის ჯამური თანხის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა, ამასთანავე, სააგენტოს დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში და ა.შ.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნულია, დაუშვებელია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი მოხმარდეს ბენეფიციარის სხვა სესხების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას.

დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და ის უკვე ძალაშია.

იხილეთ დადგენილება: