Zara-ს მფლობელი Inditex უკრაინაში მოგებაზე გადავიდა

კომპანია Inditex-მა, რომელიც Zara-ს, Pull&Bear-ის, Bershka-სა და სხვა ბრენდების მფლობელია, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით, 2 მლრდ გრივნის (48,5 მლნ დოლარის) შემოსავალი მიიღო.

ინფორმაციას YouControl-ის მონაცემებზე დაყრდნობით Forbes Ukraine ავრცელებს.

თითქმის, მთელი შემოსავალი Inditex-ს უკრაინაში მისი მაღაზიების სამთვიანმა მუშაობამ მოუტანა, რომლებიც აპრილიდან გაიხსნა.

YouControl-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში Inditex-მა მხოლოდ 10,2 მლნ გრივნის (247,5 ათასი დოლარის) შემოსავალი მიიღო და, თითქმის, 125,8 მლნ გრივნა (3 მლნ დოლარი) იზარალა, მაშინ, როცა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შარშანდელი ზარალიდან კომპანია 107,6 მლნ გრივნის (2,6 მლნ დოლარის) მოგებაზე გადავიდა.

ამასთან, Reserved-ისა და Sinsay-ის ბრენდების მფლობელმა პოლონურმა რიტეილერ-ჯგუფ LPP-მა უკრაინაში ანალოგიურ პერიოდში 4,6 მლრდ გრივნის (111,6 მლნ დოლარის) შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარზე 1,5-ჯერ მეტია. ამის მიუხედავად, მისი მოგება წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,4-ჯერ შემცირდა და 48 მლნ გრივნა (1,16 მლნ დოლარი) შეადგინა.

ასევე, შვედურმა ბრენდმა, H&M-მა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინაში, თითქმის, 594,2 მლნ გრივნის (14,4 მლნ დოლარის) პროდუქცია გაყიდა და 152,1 მლნ გრივნის (3,7 მლნ დოლარის) ოდენობის მოგება მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ჯგუფს შემოსავალი არ ჰქონია, რადგან მისი მაღაზიები დახურული იყო, ხოლო ოპერატორი კომპანიის ზარალმა 22 მლნ გრივნა (534 ათას დოლარამდე) შეადგინა.

ცნობისთვის: Inditex-მა უკრაინაში კომერციული საქმიანობა თანდათან განაახლა და 2 აპრილს ჯერ ონლაინ-ქსელი აღადგინა, ხოლო 3 აპრილიდან კიევში თავისი ბრენდების, დაახლოებით, 20 მაღაზია გახსნა, რომელთაგან სამი Zara-ს მაღაზიაა. Inditex-ის დაბრუნებამ კიევის სავაჭრო ცენტრებში დასწრება 20%-ით, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მეტად გაზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ