საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტისთვის მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია

საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტისთვის მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემები.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 7 თვეში, საქართველოდან რუსეთში 325 755 200 აშშ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 323 423 600 აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს რუსეთზე მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.5% მოდიოდა.

რაც შეეხება, სხვა ქვეყნებს, რუსეთს საქართველოდან ადგილობრივ ექსპორტში მოსდევს თურქეთი - 258 866 300 აშშ დოლარით, მე-3 ადგილზეა ჩინეთი - 156 918 900 აშშ დოლარით.

რაც შეეხება, საქართველოში წარმოებული პროდუქციის მთავარ ექსპორტიორ რუსეთს, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რასაც გავყიდეთ რუსეთში 2024 წლის იანვარ-ივლისში:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 121 452 560 აშშ დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 47 852 960 აშშ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 38 124 210 აშშ დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 34 733 400 აშშ დოლარი;
  • ნაყოფები სხვა, ახალი - 23 280 860 აშშ დოლარი;
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი - 17 363 400 აშშ დოლარი;
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 4 920 120 აშშ დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 4 719 440 აშშ დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები - 3 807 810 აშშ დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 3 417 900 აშშ დოლარი.
თაია არდოტელი