არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე სახელმწიფო წელს 2,27-ჯერ მეტს დახარჯავს

მიმდინარე წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის განკარგულების მიხედვით, 2024 წელს არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამისთვის სოფლის განვითარების სააგენტო 5 მილიონ ლარს გამოყოფს, რაც გასული წლის სუბსიდიის თანხაზე 2,27-ჯერ მეტია.

სააგენტო არასტანდატული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს 2024 წლის 15 დეკემბრამდე შეისყიდიან არანაკლებ 0,25 ლარად, 0,10 ლარს სუბსიდიის სახით გასცემს.

განკარგულების მიხედვით, კომპანიებზე სუბსიდიის თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.

ამავე განკარგულების დოკუმენტში, განსაზღვრულია ვალდებულებები, რომლებიც არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელმა კომპანიებმა უნდა შეასრულონ.

2023 წელს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21,768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.

ნათია ზარიძე