ბოლო ორ თვეში, წინა ორ თვესთან შედარებით, თხევადი გაზის იმპორტი 60-65%-ით შემცირდა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხოფერიამ ისაუბრა. მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთში შექმნილი დეფიციტია, სადაც ყოველ ზაფხულს მოხმარება და ფასი იზრდება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გადამზიდებს საქართველოს ტირ-პარკებში აყოვნებენ, შესაბამისად, თხევადი გაზის დეფიციტი ხელოვნურად იქმნება, ნიკოლოზ ხოფერია ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.
„როცა დეფიციტია, ფასიც იზრდება. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ რუსეთში პროდუქტი არ არის და იზრდება ფასი. ორი ძირითადი, ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანა რომელიც არის, ისინი იყო გაჩერებული. 4 დღეა დაიწყეს ფუნქციონირება, თუმცა ძალიან დაბალი წარმადობით. შესაბამისად, რუსეთის ბაზარზეც თხევადი გაზის დეფიციტია, მათაც გამოელიათ, ვისაც მარაგები ჰქონდათ. ეს არის ძირითადი პრობლემა.
რაც შეეხება ჩვენთან გადაზიდვის შეფერხებას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ტირ-პარკებში შედიან, არის რიგი, ჩვეულებრივ იტვირთებიან, მიდიან საზღვარზე, სადაც რამდენის გატარებასაც ახერხებენ, ატარებენ. ყველა მანქანა ტირ-პარკის გარეთ რომ გაუშვან და იქ დადგნენ, იქ ჩაიხერგება. მეორე საკითხია ის, რომ ფეთქებადსაშიში ტვირთი რომელიც არის, ისევე როგორც ფუჭებადი, უნდა სარგებლობდეს შეღავათით და რიგის გარეშე გადიოდეს. აქ არ არის საუბარი დიდ მოცულობებზე. იმიტომ, რომ ფეთქებადსაშიში ტვირთის ერთ ადგილზე დგომა არ არის მიზანშეწონილი, არის მზე, არის გარე ფაქტორები, ამიტომ ეს შეღავათი უნდა იყოს. მაგრამ ის, რომ სპეციალურად არ უშვებენ ამ მანქანებს, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“,- ამბობს ნიკოლოზ ხოფერია.
მისი თქმით, თხევადი გაზის იმპორტის შემცირების პარალელურად, ფასი დაახლოებით, 42%-ით გაიზარდა.
„ბოლო 2 თვეში, წინა 2 თვესთან შედარებით, იმპორტი შემცირებულია 60-65%-ით, მაგრამ მაჩვენებლები სექტემბრიდან გამოსწორდება. იმიტომ, რომ ზაფხულში ყოველთვის არის თხევადი გაზის დეფიციტი, იქ ადამიანები უფრო მეტს გადაადგილდებიან, შესაბამისად, მეტ თხევად გაზს მოიხმარენ, დაახლოებით, 30%-ით მეტს, ისევე როგორც საქართველოში. ეს დარეგულირდება სექტემბრიდან. ყოველ წელს ასეა, გაჭირვებები და დეფიციტი.
რაც შეეხება ფასს, თუ ღირდა 1.2 ლარი, გახდა 1.7 ლარი. ესეც იმიტომ, რომ თვითონ რუსეთშიც გაძვირდა კატასტროფულად“,- განაცხადა ნიკოლოზ ხოფერიამ.
იხილეთ ასევე: რატომ ძვირდება თხევადი გაზი? – „იმპორტიორებს განუსაზღვრელი დროით აჩერებენ საბაჟოზე“