უმაღლესი ნიშნული წელს - ერთ თვეში თბილისში 3 435 ბინა გაიყიდა

2024 წლის ივლისში თბილისში 3 435 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "თიბისი კაპიტალი" აქვეყნებს.

"2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 435 შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს და 18%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე. გასული ორი თვის განმავლობაში ტრანზაქციების რაოდენობის მიყოლებით კლების შემდეგ, ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 2024 წლის მიმდინარე პერიოდში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სავარაუდოდ, ეს ზრდა წინა თვეებში გადავადებული მოთხოვნითაა განპირობებული,"- აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვლევაში.

მათივე ცნობით, კვ.მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 1 207 დოლარი შეადგინა და წლიურად 3%-ით გაიზარდა.

ამასთან, კვლევის თანახმად, კვ.მ-ს გასაქირავებელი ფასი 11.5 აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია.

"თიბისი კაპიტალის" ცნობით, ბაზრის მოცულობამ 268 მილიონი დოლარი შეადგინა და წლიურად 5%-ით გაიზარდა.

თაია არდოტელი