როგორ შეიცვალა ახალი და ძველი ბინების გაყიდვები და ფასები დედაქალაქში - ახალი მონაცემები

2024 წლის ივლისში თბილისში 3 435 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "თიბისი კაპიტალი" აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის ივლისში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობამ 665 შეადგინა, რაც 3.1%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ძველ ბინებს, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, განხორციელდა 2 770 ტრანზაქცია, რაც წლიურად 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„როგორც ახალი, ისე ძველი ბინების რაოდენობამ გასულ თვესთან შედარებით დადებითი, შესაბამისად 7.1% და 21.4%-იანი, ცვლილება აჩვენა. ასეთი საგრძნობი განსხვავების შედეგად, ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 19%-მდე ჩამოვიდა.

საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 8.5%-ით, ხოლო თვიურად 7.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, დაფიქსირდა 2%-იანი წლიური და 1.2%-იანი თვიური ზრდა.

2024 წლის ივლისში უდიდესი წილი (45%) ჯამურად გაყიდული ბინებიდან შეინარჩუნა 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა, რაც 4 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ივლისთან შედარებით. ამავე პერიოდში, მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 19% შეადგინა (+4პპ, წ/წ და - 3პპ, თ/თ),“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი