საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტების წილი 43%-მდე შემცირდა - როგორ შეიცვალა ჩრდილოეთიდან იმპორტი

რუსეთის მიერ ჯერ დიზელის, შემდგომ კი ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შედეგად საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მოცულობა შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის სექტემბერში, ვიდრე რუსეთი საწვავი ექსპორტს აკრძალავდა, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტი 42.634 მლნ დოლარს შეადგენდა, უკვე ერთ თვეში, ანუ ოქტომბერში ეს მაჩვენებლი 25.033 მლნ დოლარამდე შემცირდა, ნოემბერში კი 10.991 მლნ დოლარამდე. თუმცა დეკემბერში ისევ გაიზარდა და 38.498 მლნ დოლარი შეადგინა.

უკვე მოგვიანებით, 2024 წლის 1-ლი მარტიდან, როდესაც რუსეთმა ბენზინის ექსპორტი აკრძალა, იმ ქვეყნიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა, თუმცა შემდგომ ისე გაიზარდა და ბოლო, 2024 წლის ივლისის მონაცემებით, აკრძალვამდელ მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა. კერძოდ, თუ 2024 წლის ივლისში რუსეთიდან 67.184 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 62.474 მლნ დოლარი იყო.

რაც შეეხება რუსული ნავთობპროდუქტების წილს მთლიან იმპორტში, 2023 წლის ივლისში 56%-ს შეადგენდა (მთლიანი იმპორტი 111.697 მლნ დოლარი), 2024 წლის ივლისში კი 48.7%-ს (მთლიანი იმპორტი 137.979 მლნ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ივლისში კი წილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-დან 43%-მდე შემცირდა. კერძოდ, 2023 წლის შვიდ თვეში საქართველოში მთლიანად შემოვიდა 607.835 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები, რუსეთიდან 382.649 მლნ დოლარის. 2024 წლის იანვარ-ივლისში კი მთლიანმა იმპორტმა 769.667 მლნ დოლარი შეადგინა, რუსული ნავთობროდუქტების კი 330.760 მლნ დოლარი.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, წელს შვიდ თვეში საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი 13.5%-ით შემცირდა, მისი წილი კი უფრო მეტად.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა 2023 წლის სექტემბრიდან შემოიღო, თუმცა ნოემბერში ისევ აღადგინა. მოგვიანებით, 2024 წლის მარტში რუსეთის რამდენიმე უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ქვეყანაში ბენზინის წარმოება შემცირდა. შესაბამისად, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შიდა ბაზარი დაეცვა და ბენზინის ექსპორტი აკრძალა. ბოლო გადაწყვეტილებით, ექსპორტის აკრძალვა ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე რჩება.